ირაკლი ქარსელაძე - ჩინური კომპანიისთვის მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული სანქცია ქვეშეთი-კობის პროექტზე არ ვრცელდება
ირაკლი ქარსელაძე - ჩინური კომპანიისთვის მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული სანქცია ქვეშეთი-კობის პროექტზე არ ვრცელდება

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 13-კილომეტრიან გზას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ააშენებს, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში ცხრა თვით მონაწილეობა აუკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე განმარტავს, რომ ქვეშეთი-კობის ტენდერში კომპანია მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მონაწილეობდა. ამასთან, არც სხვა პროცედურული მიზეზი არსებობდა კომპანიის დისკვალიფიკაციისთვის.

„შესაბამის ტენდერს გააჩნია თავისი პირობები, მოთხოვნები და რეგულაციები. საფინანსო ინსტიტუტთან ერთად, ქვეშეთი-კობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა ამ მოთხოვნებისა და სხვა პირობების გათვალისწინებით. ესაა ფინანსური ბრუნვები, ტექნიკური გამოცდილება და სხვა. ქრონოლოგიურად, უკვე ამის შემდეგ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება. საუბარია ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ტენდერის მეორე ლოტზე, სადაც დედა კომპანია მონაწილეობდა და დადგინდა, რომ მან გამოიყენა თავისი შვილობილი კომპანიის გამოცდილება, როდესაც აღწერდა საკუთარ გამოცდილებას. შედეგად, მსოფლიო ბანკის წესებით, კომპანიას ტენდერებში მონაწილეობის ცხრა თვიანი შეზღუდვა დაუწესდა. ქვეშეთი-კობის პროექტი კი ხორციელდება აზიის განვითრების ბანკის მეირ და იმ რეგულაციებით, რაც ამ ბანკს გააჩნია. აღნიშნული შეზღუდვა უკვე არ მოქმედებდა დროშიც და შინაარსობრივადაც. პერიოდიდან გამომდინარე ასევე არ ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე, იურიდიულად და პროცედურულად არავითარი წინაპირობა არ არსებობდა, რომ ამ კომპანიის მიმართ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით რამე შეზღუდვა ყოფილიყო გათვალისწინებული“, – განუცხადა ქარსელაძემ ჟურნალისტებს.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ჩინური კომპანიის გამოცდილებასაც გაუსვა ხაზი. „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2002 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი მშენებელი კომპანიის სახელით ცნობილი, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ არსებული უმსხვილესი საწარმოს China Railway Construction Corporation Limited ფილიალს.

კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, დაასრულა 410 კმ საერთო სიგრძის ხიდების მშენებლობა და 610.1 კმ გვირაბების მშენებლობა. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1200 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს  გაფორმდა.