ირაკლი ქარსელაძე - 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება
ირაკლი ქარსელაძე - 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება

ბოლო რვა წლის განმავლობაში წყალმომარაგებისთვის ყველაზე მაღალი, 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

„კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება, მიუხედავად არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და მრავალი ქალაქისა და დასახლების, მათი არსებობის ისტორიაში პირველად, 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა, საჭიროება მნიშვნელოვნად მეტია“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო რვა წლის განმავლობაში ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის პირობებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარებისთვის, წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი, 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა განსაზღვრული. სამი მილიარდი ლარის მიმდინარე და უკვე დაწყებული საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 182 მდებარეობაზე, დამატებით 585 ათას ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათას ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.

„უკვე ზაფხულში, ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის 5 000-ზე მეტ ბენეფიციარს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. მუხრანთელეთში, წალასყურში, ახალწყალში, კუმისში, ზემო თელეთსა და ქვემო თელეთში. წარმატებით მიმდინარეობს პროექტი თელავში, რომელიც თელავის 20 000-მდე ბენეფიციარს უზრუნველყოფს 24-საათიანი წყალმომარაგებით. ასევე, ექვსი მუნიციპალიტეტის (ოზურგეთის, ახმეტას, სიღნაღის, წყალტუბოს, დუშეთის, დედოფლისწყაროს) 15 000 ბენეფიციარის 2022 წელს დასრულდება წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში 2025 წლის ბოლოსთვის მილიონ ადამიანზე მეტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, რაც უკვე ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 70 პროცენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.

მისივე განცხადებით, 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მოსახლეობის 100 პროცენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.

„დამატებით, 2022 წელს დაიწყება 350 მილიონი ლარის პროექტები, რომლებიც პრემიერის ინიცირებული პროექტის – განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას ექნება წვდომა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე.

„ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, წარმატებით ავაშენეთ გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში. ასევე, მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები გუდაურსა და მარნეულში. დღეის მდგომარეობის პროცესი დაწყებულია და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის. ამ ამოცანის მისაღწევად, ათი წლის განმავლობაში 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მილიარდი პროექტები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.