ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება, ქუთაისის შემოვლითი გზა კი ოთხზოლიანი გახდება
ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება, ქუთაისის შემოვლითი გზა კი ოთხზოლიანი გახდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

ქარსელაძემ ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც, მისივე თქმით, 2020 წელს დასრულდება და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, წლის ბოლოს დასრულდება 5,8 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კილომეტრიანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ასევე, 2020 წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის მე-2, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მოძრაობა გაიხსნება 14 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალის შემოვლის საშუალებას მოგვცემს”, – აღნიშნა ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის შემოვლითი, სამტრედიის 200 მლნ ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კილომეტრიანი ახალი ორი ზოლის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით ორმხრივ უასაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს და ამასთანავე ქალაქ ქუთასში მოძრაობას განტვირთავს.

„2020 წელს აქტიური სამშენებლო სამუშაოები იქნება რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე ლოტზე, სადაც ამ დროისთვის ორ ლოტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ასევე, სამშენებლო ეტაპი დაიწყება ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე, სადაც ხელშეკრულება ორივე ლოტზე გაფორმებულია. მომავალ წელს დასრულდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე ერთი ლოტის, 25 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი 28 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ამ გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს. ასევე, დასრულდება ბაღდათი-ვანი-დაფნარის 15 კილომეტრიანი მონაკვეთისა და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა” , – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აღინიშნა, რომ 2020 წელს საერთო ჯამში 600 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება არის დაგეგმილი.

ამასთანავე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ხობში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხსა და სხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 150 მილიონ ლარს შეადგენს.