ირაკლი ქარქაშაძე - გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ
ირაკლი ქარქაშაძე - გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში 14-16 მარტს მიმდინარე Passenger Terminal Expo 2023-ს ესწრება.

Passenger Terminal Expo მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე.

„გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ, ავითვისოთ ის შესაძლებლობები, რასაც გამოფენა აეროპორტების წარმომადგენლებს გვთავაზობს. უკვე შევხვდით ჩვენთვის მნიშვნელოვან რამდენიმე კომპანიას, რომლებიც მსოფლიოში საავიაციო უშიშროების სკანერებისა და მგზავრთა რეგისტრაციის მიმართულებით უახლეს ტექნოლოგიებს და დიზაინის მქონე აღჭურვილობებს ფლობენ. როგორც იცით, წელს ვგეგმავთ, აღვჭურვოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი, თანამედროვე სპეცტექნიკით, ასევე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე სიახლე უშუალოდ ტერმინალში, რაც Self Check in-ისა და baggage drop off აპარატების დამონტაჟებას ეხება, რომ მგზავრებმა აეროპორტში მისვლისას დარეგისტრირება და ბარგის ჩაბარება თავად, ჩვენი აგენტების დახმარების გარეშე, წინასწარ ონლაინრეგისტრაციის გავლის საშუალებით შეძლონ,“ – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში მსოფლიოს 1 900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელები, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ, გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის. აგრეთვე, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ახალ გამოცდილებებს ეზიარონ, ასევე ერთმანეთს ესაუბრონ გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.