ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა - პარლამენტში თუ შემოხვედით, გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ, თუ საქმიანი წინადადება გაქვთ, თქვით და გავითვალისწინებთ
ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა - პარლამენტში თუ შემოხვედით, გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ, თუ საქმიანი წინადადება გაქვთ, თქვით და გავითვალისწინებთ

ახლა რასაც ვუყურებთ, ფარისევლობის პერფორმანსია. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის, უბრალოდ, ამაზე გვესაუბრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც თავისი ლიდერის თამადობით საქართველო ყველაზე უფრო მძიმე მომენტში მიატოვა და უღალატა“, – ამის შესახებ  პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„უღალატა, რათა გადარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს დავალება მიიღო აშშ-ის მაშინდელი ელჩისგან – ხელისუფლება უნდა ჩამოშლილიყო“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ლიდერი (გიორგი გახარია) პასუხისმგებლობას გაექცა და ქვეყნიდან გაიქცა.

„„ქართული ოცნება“ კი პასუხისმგებლობის ამღები პარტიაა. მაშინაც, როცა გახარია ხელისუფლებას შლიდა, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. დღეს, როცა გამოწვევებია, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ნაბიჯები გადავდგით. დღეს რომ გინდათ უკეთესი ცხოვრება ქვეყნისათვის, მაგრამ ფარისევლურად ებრძვით ინვესტიციას, ჩვენ ამ ინვესტიციებს განვახორციელებთ. დღეს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ „ნაცებისთვის“ თითქოს ხელი არ შეგიწყვიათ, ჩვენ სწორედ „ნაცების“ წინააღმდეგ შეგვაქვს ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ამიტომ, თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ და თუ რამე საქმიანი წინადადება გაქვთ, თქვით და გავითვალისწინებთ“, – მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრებს.