ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების ყველაზე ეფექტური გზა მოსავლის დაზღვევაა
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების ყველაზე ეფექტური გზა მოსავლის დაზღვევაა

სტიქიური მოვლენების გამო თუ ერთწლიანი ნარგავები დაზიანდება, 70 პროცენტს ანაზღაურებს სახელმწიფო ანუ აგროდაზღვევის შესატანი თანხის დიდ ნაწილი არის სახელმწიფოსი, ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მიმართოს აგროდაზღვევის ამ ეფექტურ პოლიტიკას, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ კაბალში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს აქვს ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის წარმოებაში ფულის ჩადებას გრანტისა და იაფი კრედიტის სახით, რომელზეც პირდაპირ მიბმულია აგროდაზღვევა. ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას ურჩევს, ისარგებლონ პროგრამით.

„როდესაც ადამიანი ამბობს, რომ სარგებლობს სასოფლო სამეურნეო კრედიტით ან პროგრამით, იქ აუცილებლად მიბმული უნდა იყოს აგროდაზღვევის ის პროგრამა, რაც არის გარანტია დაზღვევისა“, – განმარტავს ირაკლი ქადაგიშვილი.

კახეთის გუბერნატორი აგროდაზღვევის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების ყველაზე ეფექტური გზა მოსავლის დაზღვევაა და აცხადებს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კანონით არ აქვთ ამ მიმართულებით ფინანსური დახმარების გაცემის უფლება, მათ მხოლოდ ტექნიკის საშუალებით შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ზრუნვა და ჩართულობა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგიონში არსებული ღვარცოფული მდინარეების კალაპოტების გაწმენდის სამუშაოები გასულ წელს მდინარე ალაზანზე და დურუჯზე განხორცილდა, რის შედეგადაც აღნიშნული მდინარეების მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დასახლებული პუნქტები, მდინარეების ადიდების მიუხედავად უვნებელი გადაურჩა სტიქიას.

„კახეთში შარშან ბევრი სამუშაო ჩატარდა სტიქიის პრევენციის მიზნით. როგორც შარშან, ისევ მივმართავთ მთავრობას, რომ სტიქიის პრევენციის მიზნით, სადაც ღვარცოფული მდინარეები გვაქვს იქ მოხდეს დამატებითი სამუშაოების გაწევა. განსაკუთრებით საყურადღებოა ლაგოდეხის ხევი, შრომის ხევი და მდინარე კაბალი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.