ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტები დაკორექტირდება
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტები დაკორექტირდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების კორექტირება მოხდება.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, არსებული კანონიდან და რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელფასს უკვე ვეღარ იღებენ.

„რაც შეეხება პარტიების დაფინანსებასთან და არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევასთან დაკავშირებულ საკითხს, ვენეციის კომისიის დასკვნაში არ წერია, რომ არ გვაქვს ასეთი კანონპროექტის მიღების უფლება. დასკვნაში საუბარია, რომ გარკვეული რისკ-ფაქტორები სხვანაირად უნდა იყოს შეფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ რისკ-ფაქტორებზე გარკვეული საკითხების გადახედვას და კიდევ ერთხელ შეფასებას. სანქციები უნდა იყოს, თუმცა სანქციების რიგითობა, სიმწვავე და სიმკაცრე ვენეციის კომისიის შეფასებებიდან გამომდინარე, შეიძლება გადაიხედოს.

როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება პარტიის პირდაპირ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი კი არ დავსვათ, არამედ საჯარიმო სანქციების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. 2 000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც ახლაა დადგენილი, იმდენად არარელევანტურია, რომ ასეთი მოქმედების აღსაკვეთად ვერ ხდება შემაკავებელი ფაქტორი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს.