ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგი ამბობს, რომ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, ზოგს საკუთარი წინაპირობები აქვს, ხოლო ჩვენს გუნდში რა განწყობაც არის, საჯაროდ ვთქვით, დებატებისთვის მზად ვართ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგი ამბობს, რომ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, ზოგს საკუთარი წინაპირობები აქვს, ხოლო ჩვენს გუნდში რა განწყობაც არის, საჯაროდ ვთქვით, დებატებისთვის მზად ვართ

ზოგი ამბობს, რომ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, ზოგს საკუთარი წინაპირობები აქვს, ხოლო ჩვენს გუნდში რა განწყობაცაა, საჯაროდ ვთქვით, დებატებისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მედიაფორმატმა დებატებს ხელი უნდა შეუწყოს“.

„როგორი იქნება პოლიტიკური დებატების ფორმატი? – მედიაფორმატმა დებატებს ხელი უნდა შეუწყოს და შეურაცხყოფის არენა არ უნდა იყოს. ეს მედიამ უნდა უზრუნველყოს. როგორ წარიმართება პროცესი, დებატებში ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ – არა, ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ამბობს, რომ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს და აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან დებატები არ შეიძლება. ეს მათი არჩევანია. ზოგს საკუთარი წინაპირობები აქვს, ამბობს, რომ ხელისუფლება სახლში თუ წავა, დებატებში მონაწილეობას შემდეგ მივიღებთო. ესეც მათი ილუზიაა. ჩვენს გუნდში რა განწყობაცაა, საჯაროდ ვთქვით, დებატებისთვის მზად ვართ. რომელიმე პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თუ იქნება აკრძალული, ამ ნაწილში სამართლებრივი მოცემულობა იქნება. სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეს არ ვიცით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.