ირაკლი ქადაგიშვილი - ზელენსკის განცხადებას შეიძლება, მძიმე შეფასება მიეცეს, მაგრამ ანგარიშს ვუწევთ უკრაინელებს ამ მძიმე ომში, ეს არის გამიზნული  განცხადება, რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია
ირაკლი ქადაგიშვილი - ზელენსკის განცხადებას შეიძლება, მძიმე შეფასება მიეცეს, მაგრამ ანგარიშს ვუწევთ უკრაინელებს ამ მძიმე ომში, ეს არის გამიზნული  განცხადება, რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია

ზელენსკის თავიდანვე არასწორი წარმოდგენა და ხედვა ჰქონდა, რაც, დარწმუნებული ვარ, განპირობებული იყო სააკაშვილისა და ქართველების, სხვა ძალების დარწმუნებით, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში საქართველო ამ პროცესში აუცილებლად აქტიური იქნებოდა. როცა მან ჩვენი მხრიდან ეს ვერ დაინახა, დემარშები განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმით, „ახლა საქმე გვაქვს ამ დემარშის გაგრძელებასთან“.

„გარკვეულწილად ზელენსკი აგრძელებს იმ კურსს, რომელიც ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში გაახმოვანა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა არ მისცა, თბილისიდან უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნათ. მაშინ მან მიტინგზეც მოუწოდა ხალხს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გამიჯნოდა და შემდეგ ელჩიც გაიწვია. ზელენსკის თავიდანვე არასწორი წარმოდგენა და ხედვა ჰქონდა, რაც, დარწმუნებული ვარ, რომ განპირობებული იყო სააკაშვილისა და ქართველების, სხვა ძალების რწმუნებით, რომ თუ საომარი მოქმედებები იქნებოდა, საქართველო ამ პროცესში აუცილებლად აქტიური იქნებოდა. როცა მან ეს ჩვენი მხრიდან ვერ დაინახა, დემარშები განახორციელა. მგონია, რომ ახლა ამ დემარშის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მხრიდან ამას შეიძლება, მძიმე შეფასება მიეცეს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ანგარიშს ვუწევთ უკრაინელებს იმ მძიმე ომში, რაშიც არიან. ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება, ამ განცხადებაში არის შურისძიება, სწორედაც რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი ახლოვდება. ის ერთგვარი ულტიმატუმივით უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა. ამ განცხადებას ეს მიზანი აქვს. ან, მეორე მხრივ, საქართველომ თავის პოლიტიკაზე უარი თქვას და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.