ირაკლი ქადაგიშვილი - ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველო სახელმწიფოა, ჩვენც ერი ვართ, მხოლოდ ევროპარლამენტარები არ არიან ამ ქვეყანაზე
ირაკლი ქადაგიშვილი - ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველო სახელმწიფოა, ჩვენც ერი ვართ, მხოლოდ ევროპარლამენტარები არ არიან ამ ქვეყანაზე

ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველო სახელმწიფოა, ჩვენც ერი ვართ. მხოლოდ ევროპარლამენტარები არ არიან ამ ქვეყანაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონელი ექიმის მიერ ნიმუშის მალულად გატანის მცდელობა ეჭვს ბადებს.

„საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უტიფრად აბრალებდნენ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცოდვას – წამლავს, აწამებს ადამიანს და მკურნალობის საშუალებას არ აძლევენო. სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ მაინც უნდა გაეგოთ სიმართლე. მცდელობაა, რომ ამ ლაიტმოტივით პატიმარი გაათავისუფლონ და საქართველოს წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყონ. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენც ერი და სახელმწიფო ვართ, მხოლოდ ევროპარლამენტარები არ არიან ამ ქვეყანაზე. ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველო სახელმწიფოა და მხოლოდ პროექტის ნაწილი არ არის, რომელზეც როგორც უნდათ, ისე განახორციელებენ მანიპულირებას. იცით, რომელ პროექტს ვგულისხმობ? როცა სააკაშვილი გყავს შეფარებული მის დამნაშავე წრესთან, მაღალ თანამდებობებზე გყავს განაწილებული და შემდეგ საქართველოში დესტრუქციისთვის უშვებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკას ინარჩუნებს. თავმოყვარეობა ქართველსაც უნდა ჰქონდეს, სხვისი თავმოყვარეობის მაფერებლები არ უნდა ვიყოთ. სააკაშვილის ნიმუშის წინდით გამოტანა ეჭვს ბადებს. ვინაიდან ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს, შესაძლოა, ეს არარეგისტრირებული, ჩუმად გატანილი ბიოლოგიური მასალა მანიპულაციურად ყოფილიყო გამოყენებული იმ პოლიტიკის გასაგრძელებლად, თითქოს სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და სასიკვდილოდ გაწირეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება პოლონელი ექიმის ინციდენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარებას, საკითხის კომენტირებისას ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა:

„პოლონეთის მიმართ სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება და უფლება მისცეს, მათი ექიმების ჯგუფი ჩამოსულიყო, პროცესისთვის სამედიცინო ზედამხედველობა გაეწიათ. ორ სახელმწიფოს შორის გამოხატულ კეთილ ნებას ვიღაც ბოროტად როცა იყენებს და მთელ პროცესს დიდი ეჭვის, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რა თქმა უნდა, ელჩი ინფორმირებული უნდა იყოს და ითქვას, რომ ასეთი ქმედებები ამ პროცესსაც აზიანებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასაც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.