ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაფერს კეთილსინდისიერად ვასრულებთ და სიტყვა არ გაგვიტეხავს, მთავარი ოპოზიციური პარტიები მიშელის დოკუმენტს ხელსაც არ აწერენ და ისრები მაინც ჩვენკენ მოდის
მოლაპარაკების დროს პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ჯერ უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის გათვალისწინება და შემდეგ დაპაუზება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„იქვე იყო აღნიშნული, რომ რეფორმირების პროცესი არ ნიშნავდა იმას, რომ არსებულ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდა უფლება, დაპაუზების შემდეგ, როდესაც კიდევ დამატებითი დრო მიეცემოდათ, თუ ახალი მსურველები და ახალი ნომინანტები იქნებოდნენ, მონაწილეობა მიეღოთ და ამის შემდეგ შემოეტანათ. ეს მოლაპარაკების დროს პრინციპულად იყო შეთანხმებული. აქ ინფორმაცია იკარგება ხოლმე სადღაც და შემდეგ, ეს დაკარგული ინფორმაცია ხდება ხოლმე ასეთი საჯილდაო ქვა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც არა მხოლოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, არამედ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას თავიდან ბოლომდე ასრულებს.
„ჩვენი ქვეყნის კანონებს ევროპის საუკეთესო სტანდარტების მიხედვით ვქმნით და ვაშენებთ. ამავდროულად, ყველა შეთანხმებას ზედმიწევნით ვასრულებთ. ვხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიები ხელსაც კი არ აწერენ ამ შეთანხმებებს და ისრები მაინც ჩვენკენ მოდის. პარტნიორებთან მუდმივად ვმუშაობთ და თუ რამე უთანხმოება წარმოიქმნება, არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რამე თუ არ გვაწყობს, მაშინვე კონკრეტული სახელ-გვარების დასახელებას და უხერხული ვითარებების შექმნას იწყებს. გვახსოვს, ელჩებს პირდაპირ რომ ადანაშაულებდნენ, ჩვენ კი პირდაპირ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს და მათთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ შორის, გარკვეული დისკუსიაც გვაქვს. რადგანაც, მიგვაჩნია, რომ ყველაფერს კეთილსინდისიერად ვასრულებთ და მართლა არ გაგვიტეხავს არც სიტყვა და არც კანონში მიგვიღია ისეთი რამ, რაც რეკომენდაციაში არ იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, თუ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და კონკრეტულ მუხლებს გავყვებით, რეალურად, არ რჩება არაფერი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ასრულებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ შენიშვნების მიღებას და როგორ აპირებს მწვავე საერთაშორისო განცხადებების განეიტრალებას, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აპირებს, ღია იყოს და ყველა საკითხზე ღიად ისაუბროს.
„ჩვენ, რომ იტყვიან, ზურგს უკან დამალული არაფერი გვაქვს. რა თქმა უნდა, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას გავაგრძელებთ, ყველა დონეზე. ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორთა განცხადებები აბსოლუტურად არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს სასანქციო თემა არ არის.
„ოპოზიცია ცდილობს, რომ იქნებ, რამენაირად, ქვეყანამ რამე სანქცია მიიღოს, რაც მათი პოლიტიკური მიზანია, მაგრამ ასე არ არის საქმე და ნუ გავწევთ ამ საკითხით სპეკულირებას. შეიძლება, ჩვენ პარტნიორებთან გარკვეულ თემაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და გაუგებრობა იყოს, მაგრამ ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ეს ავტომატურად აისახება სანქციებში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი სტატისტიკით იზომება და უნდა შევხედოთ, რა იყო სასამართლო მანამდე და რა არის დღეს.
„ელემენტარულად, ათჯერ არის გაზრდილი სასამართლოს მხრიდან გამამართლებელი განაჩენები, საერთოდ განახევრებულია წინასწარი პატიმრობის მექანიზმი, თვრამეტჯერ არის შემცირებული გირაო და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.