ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ ახმეტა-თელავი-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ყვარელში შეხვდა. შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პროექტებზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კახეთის რეგიონში განხორციელდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის, განათლების, ტურიზმისა და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მევენახეებისთვის ვაზის ნერგებით დახმარების საკითხს, პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობას და გაძლიერებას, მეღვინეობის, მევენახეობისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტებზე და პროგრამაზე, რასაც სახელმწიფო აკეთებს ფერმერობის, ბიზნესის მეწარმეობის ხელშეწყობისათვის. ამავდროულად, ხაზი გაუსვით იმ საკითხს, რაც მნიშვნელოვანია, რომ მათი საჭიროებები კიდევ უფრო მეტად იყოს ასახული კანონპროექტებში და მათ შორის მთავრობის სამოქმედო გეგმებში. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მეწარმეებმაც გაიგონ, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და ჩვენც მათგან მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.