ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, კითხვები თავად ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავის თავთან, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“
ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, კითხვები თავად ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავის თავთან, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“

ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლით გავამდიდროთ საპარლამენტო ცხოვრება და პოლიტიკური ცხოვრებაც უფრო ნორმალურ ვითარებაში გადავიტანოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის შიგნით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა გამოკვეთილი იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – შემოვიდნენ, რა პირობით შემოვიდნენ და ა.შ.

„ვფიქრობ, რომ კითხვები თვითონ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავის თავთან, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ღია ვიყოთ დიალოგისთვის და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ჩვენი და საზოგადოების აზრით, ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ამაზე ჩვენი ყველა მოკავშირე და ფასილიტატორი ელჩები მიუთითებენ. ამიტომ, ეს არის ჩვენი ამოცანა. ვხედავთ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, ამიტომ, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა, რომ „ცეცხლზე ნავთი დავასხათ“. ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტში მათი შემოსვლით გავამდიდროთ საპარლამენტო ცხოვრება და პოლიტიკური ცხოვრებაც უფრო ნორმალურ ვითარებაში გადავიტანოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო სიას, რომელსაც პარტია წარადგენს, იქ ამ სიას თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა აქვს.

„ვინმე თავის პროფესიით ადრე პედაგოგი ბიზნესმენი, ადვოკატი თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი იყო, ეს ყველაფერი ამ ადამიანების ავტობიოგრაფიის ნაწილია. პარლამენტში შემოსული ადამიანი არის პარლამენტის წევრი. ამიტომ, ახლა, თითოეული პარტია თავის წევრს, როგორ დახასიათებას მისცემს, ეს მათი საქმეა და არა ჩემი. ერთ რამეს გეტყვით, პარლამენტი თავისი შემადგენლობით არის მრავალფეროვანი ანუ, პარლამენტში არ არიან მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული განათლების მქონე ადამიანები, არიან სხვადასხვა პროფესიის და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანები, ამიტომ, ყველას თავისი პოლიტიკური ხედვა აქვს და ყველას თავისი ნიშა ექნება პარლამენტში. ის, რომ ვიღაცას ბიზნესისტორია აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდი პოლიტიკოსი ან პარლამენტარი უნდა იყოს. ვხედავთ, რომ თანამედროვე საქართველოში ბიზნესმენებს ძალიან დიდი გასაქანი მიეცათ პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლისთვის. საკუთარ პარტიებსაც ქმნიან ბიზნესმენები და ამიტომ, რა ვქნათ, იმ პარტიებს აპრიორი ვუწოდოთ არაპოლიტიკური პარტიები? ამიტომ, ეს ყველაფერი არის ბელეტრისტიკა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.