ირაკლი ქადაგიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში გაცილებით მეტია პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, ვიდრე  განმარტება, რატომ არის კანონში კონკრეტული მუხლები სამართალთან შეუსაბამო 
ირაკლი ქადაგიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში გაცილებით მეტია პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, ვიდრე  განმარტება, რატომ არის კანონში კონკრეტული მუხლები სამართალთან შეუსაბამო 

ვენეციის კომისიის დასკვნაში გაცილებით მეტია პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, ვიდრე  განმარტება, რატომ არის კანონში კონკრეტული მუხლები სამართალთან შეუსაბამო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ მსგავს კანონებთან შედარებით, საქართველოში შემოღებული რეგულაციები გაცილებით მარტივი და რბილია.

„კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგოდ ვენეციის კომისიას არ მოეპოვება. მიგვაჩნია, რომ საქმე გვაქვს პოზიციების ორკესტრირებულ გამოხატვასთან, ვიდრე ამ კანონთან დაკავშირებით რაიმე სამართლებრივი შენიშვნის გაკეთებასთან. ვენეციის კომისიის დასკვნაში გაცილებით მეტი ადგილი აქვს დათმობილი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, გარკვეულწილად, პროცედურულ საკითხებს, ვიდრე იმის განმარტებას, თუ რატომ არის კანონში კონკრეტული მუხლები შეუსაბამო სამართალთან და იმ კანონებთან, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს. თუ შევადარებთ ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედ კანონებს, დაწყებული საფრანგეთიდან, დამთავრებული ევროკავშირამდე, დავინახავთ, რომ ჩვენთან შემოღებული რეგულაციები გაცილებით მარტივი და რბილია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მხოლოდ იურიდიული პირებით შემოიფარგლება და ფიზიკურ პირებს არ ეხება.

„არანაირი ვალდებულებები არ უჩნდებათ ჩვენთან ამ იურიდიულ პირებს, გარდა ერთადერთისა, რომ წელიწადში ერთხელ მათ თავიანთი ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნონ. უპირველესად, საქართველო თავის სუვერენულ უფლებებს იცავს. ამ სუვერენულ უფლებებში შედის ქვეყნის დაცვა და ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფა. სურათი გვაქვს, რომ გაუმჭვირვალობის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის გამო ქვეყანაში მუდმივად დაძაბულობა და პოლიტიკური პოლარიზაცია, ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნებისათვის არამართლზომიერი გამოყენება ხდება. ამის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული და, ზოგადად, როგორც ევროპის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. დღეს თუ არა ხვალ, ამ ყველაფრის აღიარება ყველას მოუწევს, მათ შორის, ევროპასაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.