ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო, აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა
ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო, აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა

საქართველოდან უკრაინის ელჩი გაწვეულია, ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო, აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, იმ ვითარების მიუხედავად, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელჩის გარშემოა შექმნილი, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომად ისევ გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა.

„ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის დამოკიდებულებაში არაფერი იცვლება. საქართველომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი ძალიან მკაფიოდ, მყარად და ინიციატივიანად დაუჭირა და რუსული აგრესია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაგმო. საქართველო მიერთებულია სანქციების ყველაზე მნიშვნელოვან – ფინანსური სანქციების ნაწილზე. საქართველო ისეთ სანქციებს ვერ დააწესებს, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოემსახურებოდა და ეს რუსეთის ფედერაციაზე არანაირად არ აისახებოდა. საქართველო იარაღს ვერავის მიაწოდებს, რადგან ასეთი იარაღი მას თავად არ გააჩნია და მეორე მხრივ, იარაღის მიწოდება სულ სხვა მდგომარეობაა. ვხედავთ, ნატო და აშშ როგორ შერჩევითად ახორციელებენ ამას. უკრაინის ხელისუფლების მკაცრი უკმაყოფილება არის გამოხატული ამერიკისა და ნატო-ს მიმართ, რომ ცა არ იკეტება და უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღება არ ეძლევა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.