ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით ოთხი თვეა აქვს, ოთხი თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები
ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით ოთხი თვეა აქვს, ოთხი თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები

მაიკ მაკფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე ოთხი თვეა აქვს და ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ოთხი თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში გაღიზიანებას ვერ მალავენ.

„ბორის ჯონსონის დღევანდელი განცხადება საკმაოდ სკანდალური იყო. თურმე, იგი რუს ოლიგარქს ლებედევს ხვდებოდა და იმის შვილი მისი პროტექციით, ლორდთა პალატის წევრი გახდა, თუმცა ინგლისის უშიშროების სამსახური აფრთხილებდა, რომ ეს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი იქნებოდა. რამდენი ევროპელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი იყო რუს ბიზნესმენებთან, ოლიგარქებთან კავშირში? თუ ჩვენ ამ გზით წავალთ, ვის როგორი პოლიტიკური სიმპატიებით უნდა სანქციების დაწესება, ძალიან დიდი სია გვექნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაკფოლმა დააკონკრეტა, ვინ იგულისხმა? – მაიკ მაკფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე ოთხი თვეა აქვს და ამ პოლიტიკას აგრძელებენ. ოთხი თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ეგენი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ კი, საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში.