ირაკლი ქადაგიშვილი – უცხოელი პარტნიორების ოფიციალურ განცხადებებში პირდაპირ მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ მათი ადგილი პარლამენტშია და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტში უნდა გადაწყდეს
იმედი მაქვს, მოლაპარაკებები უფრო საგნობრივი იქნება, როდესაც ის ოფიციალურად გაიხსნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მოლაპარაკების პროცესისთვის რამე სასიკეთო ნიადაგი არის, გარდა ამ უარყოფითი აფეთქებებისა, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ხნის განმავლობაში პოზიციების გარკვეული ზონდირება მაინც ხდებოდა, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოლაპარაკებები უფრო საგნობრივი იქნება, როდესაც ის ოფიციალურად გაიხსნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, რატომ ვერ მოხერხდა ერთი კვირის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება, ან გარკვეული იმპულსების გამოკვეთა, რომ რამე საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტიკურად მიკერძოებულ სასამართლო პროცესებზე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ოპოზიციის მხრიდან მელიას პოლიტპატიმრობაზე აპელირება გამიზნული პროვოკაციაა.
„მელიას მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შექმნია და მან პოლიტიკური საქმიანობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განახორციელა -კანდიდატადაც დარეგისტრირდა, აქტიურიც იყო და ა.შ. უბრალოდ, როდესაც მათ დაინახეს, რომ ლოზუნგით „არჩევნები გაყალბდა“ ვერც საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნეს და ვერც მოსახლეობა გამოიყვანეს, სიტუაციის გამწვავების და დიალოგის ჩაშლის მწვავე მეთოდებზე წავიდნენ. პროკურატურა ამბობს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მისი კარები ღიაა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი გარეთ გამოსვლა არ აწყობს, რადგან მელიას იქ ყოფნით ის დიალოგის პროცესს ტორპედირებას უკეთებს. სხვა იურიდიული მექანიზმი არ არსებობს, რომ ნიკა მელია იქიდან გამოვიდეს და რა ვქნათ ახლა?! მაშინ, მე წავალ ახლა აქედან, ციხის კარებს გავაღებ და გამოვუშვებ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეკითხვაზე, რამ გამოიწვია 8 000 ცარიელი კონვერტი, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით ორ მილიონ კონვერტში შესაძლოა, 8 000 ბიულეტენი რაღაცის გამო აკლდეს.
„შესაძლოა, ეს ვიღაც-ვიღაცებმა სპეციალურად, ასეთი ხმაურის შესაქმნელად გააკეთეს. მაგალითად, შევედი, ერთი ბიულეტენი შემოვხაზე და ჩავაგდე, მეორე კი ჯიბეში ჩავიდე და გამოვიტანე. უბანზე დისბალანსის შექმნა უმარტივესი რამ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დებატებში მონაწილე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის შეკითხვაზე, მიუთითებს თუ არა ის იმაზე, რომ დისბალანსი ოპოზიციამ სპეციალურად შექმნა, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ ამას არ გამორიცხავს.
„ეს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხოთ, ჩემო მეგობარო. ყოველ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ რაში უნდა აწყობდეს, რომ თავისივე ბიულეტენი, რომელიც ხმას მას უნდა აძლევდეს, ამოვაგდოთ და ჩვენი ხმა დავიკლოთ? რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?!“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის პარლამენტის კარები არავის დაუკეტავს, მაგრამ გარკვეული პარტიები საკანონმდებლო ორგანოში ახირების გამო არ შედიან.
სერგო ჩიხლაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროკავშირი ოპოზიციის ახირებას აჰყვა, როცა ექვს პუნქტში ჩაწერა, რომ მხარეებმა ვადამდელ არჩევნებზე უნდა ისაუბრონ, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ექვს პუნქტში გარკვევით წერია, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
„არ აგყვათ და საქმეც მაგაშია. კარგად წაიკითხეთ. იმ ექვს პუნქტში გარკვევით დაგიწერეს, პარლამენტში შედითო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, არსებობს ოდირის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები დემოკრატიულ, კონკურენტუნარიან გარემოში, ყველა ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარდა და ამ არჩევნების შედეგებს ეჭვის ქვეშ არანაირად არ აყენებს, არც ევროკავშირი, არც აშშ-ი და არც ქვეყნის სხვა სტრატეგიული პარტნიორი.
„მათ ოფიციალურ განცხადებებში პირდაპირ არის ოპოზიციის მიმართ მოწოდება, რომ მათი ადგილი პარლამენტშია და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტში უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთა განცხადებებში არის ჩანაწერები, რომ არჩევნების მიმართ ნდობის ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იყოს და იმისთვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მაღალი იყოს, უკვე ინიცირებული და ოდირში გადაგზავნილია კანონპროექტი, რომელმაც საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო უნდა დახვეწოს.