ირაკლი ქადაგიშვილი - თელავში ინაუგურაციის გამართვა რეგიონების განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს
თელავში ინაუგურაციის გამართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ეს ქვეყანაში რეგიონების განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, – ამის შესახებ პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარება ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის საამაყო იქნება, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა არჩევნებში.
„სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩემი აზრით, რასაც ქალბატონი სალომე ამბობდა, „მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი, ვინც ხმა მომცა და ვინც არ მომცა ხმა“, ახლა ამ სიტყვების გამართლებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კახეთის გუბერნატორმა ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის მიერ თელავში საპროტესტო აქციის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური აქციის გამართვა ნებადართულია კანონის ფარგლებში და ოპოზიციას აქციის გამართვას არავინ დაუშლის
„მე ყურადღებას არ გავამახვილებ იმ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოში დღეს არსებობს. ეს პოლიტიკური დღის წესრიგი არჩევნების შემდეგ არ არის საინტერესო, რადგან არჩევნების შემდეგ ჩვენ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.