ირაკლი ქადაგიშვილი - თანხმობა და ერთობა კარგია, მაგრამ ამ თანხმობას რაიმე კონკრეტული მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - თანხმობა და ერთობა კარგია, მაგრამ ამ თანხმობას რაიმე კონკრეტული მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს

თანხმობა და ერთობა კარგია, მაგრამ ამ თანხმობას რაიმე კონკრეტული მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის მიღწევა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.

„რა თქმა უნდა, თანხმობა და ერთობა კარგია, მაგრამ ამ თანხმობას რაიმე კონკრეტული მყარი საფუძველი უნდა გააჩნდეს. თუ ოპოზიცია საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს მოხსნის, რომელიც თავიდან ბოლომდე აწყობილია რევოლუციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე, ასევე საქართველოსთვის ძირისგამომთხრელ საქმიანობასა და საუბარი იქნება მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის დემოკრატიულ საპარლამენტო ფორმებზე, რა თქმა უნდა, თანხმობა ბევრ საკითხზე შეიძლება, იყოს გამოძებნილი, მათ შორის ისეთ საკითხზე, როგორიც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა, რათა ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება შეძლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსა და უკრაინასთან მიმართებით.