ირაკლი ქადაგიშვილი - სუს-მა ინფორმაცია გაავრცელა არა თემების გადასაფარად, არამედ იმ საკითხების პრევენციისთვის, რაც ოპოზიციის არსენალში ხშირად ყოფილა
სუს-მა ინფორმაცია გაავრცელა არა თემების გადასაფარად, არამედ იმ საკითხების პრევენციისთვის, რაც ოპოზიციის არსენალში ხშირად ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.
„წარმოიდგინეთ, უსაფრთხოების სამსახურს საქართველოში სააკაშვილის შემოპარვამდე რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ შემოპარვა შეიძლება, მომხდარიყო კონტეინერით, ოპოზიციის მხრიდან ეს მასხრად აგდების სერია იქნებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ეს შედგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძია ისიც, რომ, სიტუაციის ესკალაციის მიზნით, გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. კაცი უკრაინიდან ჩამოვიდა, მისი მანქანა ააფეთქა და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანი გადარჩა. ის ადამიანი დღესაც ძებნაშია. რომელი ერთი სცენარია, რომელიც ან ჩაუვარდათ, ან რისი პრევენციაც მოხდა. „რუსულ ოცნებას“ იძახიან, რათა თავიანთი სისხლიანი მეთოდები გაამართლონ.
ვხედავთ, უკრაინაში ზოგიერთი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში მიმავალ გზაზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს ყველაფერი ორკესტრირებულია და ხელისგულზე ჩანს. საქართველოს რეალურად სულ სხვა დღის წესრიგი აქვს. რეკომენდაციების შესრულება დასრულებისკენ მიდის. ობიექტური გარემოება არ რჩება, რომ ქვეყანამ სტატუსი დამსახურებულად არ მიიღოს. რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.