ირაკლი ქადაგიშვილი - შსს-მ და სახელმწიფომ გადატრიალება არ დაუშვეს, ვისაც ეს ეწყინა, სწორედ მათი ნაბიჯია სანქციები, ეს არის დამარცხებული მაიდანიზაციის მიმართ სიმბოლური, მაგრამ მაინც შურისძიების აქტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ ამ ქვეყანაში გადატრიალება არ დაუშვეს, ვისაც ეს ეწყინა, სწორედ მათი ნაბიჯია სანქციები, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის დამარცხებული მაიდანიზაციის მიმართ სიმბოლური, მაგრამ მაინც შურისძიების აქტი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ ამ ქვეყანაში გადატრიალება არ დაუშვეს, ვისაც ეს ეწყინა, სწორედ მათი ნაბიჯია ეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო აფასებს თავის ინსტიტუტებს, თითოეული პოლიციელის თავდადებას. შსს-მ თავისი შემადგენლობით და მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში გადატრიალება და ჩამოშლა არ დაუშვა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც.