ირაკლი ქადაგიშვილი - შეთანხმებაში ნათლად წერია, ამნისტია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტსა და სუბიექტს უნდა შეეხოს
ირაკლი ქადაგიშვილი - შეთანხმებაში ნათლად წერია, ამნისტია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტსა და სუბიექტს უნდა შეეხოს

შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ ამნისტია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტსა და სუბიექტს უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, ამნისტია საყოველთაო უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მესმის, რომ გარკვეული ნაწილი შფოთავს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას შეეხოს და ვიღაცას არა, მაგრამ მოვლენის გარშემო საყოველთაო ამნისტია ყველას უნდა შეეხოს. ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფიგურანტი ურთიერთკავშირშია – პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება, ერთი მეორესთან კავშირშია. როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს ამნისტია ყველას მიმართ უნდა ვრცელდებოდეს. თუ მიზეზებს ვეძებთ იმისას, რომ საქართველოში ევროკავშირის ეგიდით მომხდარი შეთანხმების ხელშეკრულება და ქვეყნის კრიზისში არშესვლის გეგმა რამენაირად ჩავაგდოთ, მაში ათას ერთი მიზეზის მოგონება ყოველთვის შეგვიძლია. თუ ჩვენი მიზანია, რომ წინ გავიხედოთ და ვიაროთ, 20 ივნისის მსგავსი მოვლენები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და ქვეყანას განვითარების პერსპექტივა მივცეთ. ის ხვალინდელი დღე ყველამ უნდა დავინახოთ, რაც ამ შეთანხმებით საქართველოს ეძლევა.

შეთანხმების ტექსტი არსებობს, რომელიც დაბეჭდილია და საჯაროა. შეგვიძლია, ამ ტექსტის წაკითხვა. 8 მარტის შეთანხმების ტექსტიც არსებობს, მაგრამ ჩვენ პარადოქსული ცხოვრება გვაქვს. როცა ტექსტი არსებობს და ტექსტში რაც არ წერია, იმას ვკითხულობთ. ნუ დავიწყებთ სპეკულაციას და კიდევ ერთხელ მცდელობას, რომ იმ ძალებს, ვისაც კრიზისის გაგრძელება სურთ, მათ წისქვილზე წყალი დავასხათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.