ირაკლი ქადაგიშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტმა და შეთანხმებამ მიგვაახლოვა იმ მიზნებს, რაც საქართველოს აქვს გაცხადებული
ირაკლი ქადაგიშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტმა და შეთანხმებამ მიგვაახლოვა იმ მიზნებს, რაც საქართველოს აქვს გაცხადებული

შარლ მიშელის დოკუმენტმა და შეთანხმებამ მიგვაახლოვა იმ მიზნებს, რა მიზნებიც საქართველოს აქვს გაცხადებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„საქართველოს კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისა და საბოლოო ჯამში, ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანების განაცხადი რეალური გახდეს. ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა გულისხმობს სწორედ იმ დიდ დაინტერესებას, რაც ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს ჩვენ მიმართ გააჩნია და რა თქმა უნდა, ისინი წუხდნენ იმ აბსოლუტურად გაურკვეველ, დესტრუქციულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში, მთელი ამ ხნის განმავლობაში იქმნებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, იმ სუბიექტების ბოლო გამოძახილი, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, არის გუშინდელი დღე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ გვექნება მწვავე დებატები პარლამენტში, ხანდახან, ალბათ, წინ ისევ ემოციები წამოიწევს, მაგრამ პოლიტიკურ კლასს უკვე თვისობრივად ახალ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება. გინდა-არგინდა, ამის გარდატეხა მოხდა, რადგან მოსახლეობა, ქართველი ერი, ამომრჩეველი პოლიტიკას უკვე სხვანაირად აფასებს. ის ჩვენზე მეტი სისწრაფით გაიზარდა და თქმა უნდა, ახლა მისი დაკვეთა სულს სხვაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. 

შეკითხვაზე, როგორ ესახება შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია და არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ მისი აღსრულება არ მოხდეს, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი წინააღმდეგობა არ არსებობს.

„ვფიქრობ, აქ შეფერხებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არასწორია მუდმივად იმის ძახილი, თითქოს ნიკა მელია ძალით ჩასვეს ციხეში და იქიდან ძალით არ უშვებენ.

ირაკლი ქადაგიშვილმა დებატებში მონაწილე „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს მიმართა.

„არასწორია იმის ძახილი, რომ ნიკა მელია ძალით ჩასვეს ციხეში და ძალით არ უშვებენ ციხიდან. ყველა ეს პრობლემა მათი პრობლემაა. ეს არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც ქართული საზოგადოების პრობლემა. ეს მათი პრობლემაა, რომელსაც ამ ექვსი თვის განმავლობაში თქვენც თავს გახვევდნენ. მადლობა ღმერთს, ავად თუ კარგად, საბოლოო ჯამში, აქედან გამოსავალი მოიძებნა. ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდება ის დესტრუქცია, რაც სააკაშვილს და მის მომხრეებს ქართულ პოლიტიკაში შემოაქვთ; დამთავრდება იარლიყების დაკიდება და სიძულვილის ენა, რომელიც არ მთავრდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.