ირაკლი ქადაგიშვილი - შალვა ნათელაშვილი ასრულებს სააკაშვილის დაკვეთას, რაზეც ღიად საუბარი თავად ერიდება
ირაკლი ქადაგიშვილი - შალვა ნათელაშვილი ასრულებს სააკაშვილის დაკვეთას, რაზეც ღიად საუბარი თავად ერიდება

შალვა ნათელაშვილი ასრულებს სააკაშვილის დაკვეთას, რაზეც ღიად საუბარი თავად ერიდება, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

„ნათელაშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, რადგან ეს არის პირველ რიგში სააკაშვილის დაკვეთა, რასაც თავად ერიდება, ასე ღია ტექსტით საუბარს. ამას აკეთებინებს ნათელაშვილს. თუნდაც ოპოზიციაში იყო, საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის საერთო მიზანი არ გაქვს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართ, შენი მიზანია, მაქსიმალურად მოახდინო ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დისკრედიტაცია, ამიტომ არის მისი რეიტინგი და ხმების რაოდენობა ერთ პროცენტს ძლივს აღწევს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ჯორჯ კენტს მიმართა: „ძვირფასო კენტ, თქვენ მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი. თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად“.