ირაკლი ქადაგიშვილი – საზოგადოებისთვის ცნობილი ობიექტური სურათი აჩვენებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად ნახევრამდეც ვერ უტოლდება „ქართული ოცნების“ რეიტინგს

15:02, 29.09.2026

კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება სწორად აფასებს იმას, რომ ხელისუფლებამ მშვიდობისა და განვითარების ვექტორის შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით „აირაის“ კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მისი თქმით, ეს კვლევა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ოპოზიციის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაატარა.

„საზოგადოებისთვის ცნობილი ობიექტური სურათი აჩვენებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად ნახევრამდეც ვერ უტოლდება „ქართული ოცნების“ რეიტინგს. ოპოზიციის საშუალო მაჩვენებელი ძირითადად 2 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც გარედან იმართებოდა და წახალისდებოდა, საკუთარი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ოპოზიცია საქართველოს ინტერესებზე არ ზრუნავდა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებით. მათ ომის, ევროინტეგრაციის, შიდა პოლიტიკის, დემოკრატიისა თუ გამოხატვის თავისუფლების თემები სასპეკულაციოდ გამოიყენეს, რათა ქვეყანაში მაქსიმალური დაძაბულობა შეექმნათ და ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ. ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია. მათი აქტიურობა სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში დაძაბულობის გაღვივებისკენაა მიმართული, რაც მოსახლეობისთვის ნაცნობი სცენარია. ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება სწორად აფასებს იმას, რომ ხელისუფლებამ მშვიდობისა და განვითარების ვექტორის შენარჩუნება შეძლო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

მსგავსი