ირაკლი ქადაგიშვილი - სარჩელის მნიშვნელოვანი საფუძველია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მასალები, საქართველოს სასამართლოების და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები
სარჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რა მასალებიც მოიძია, ადამიანები გამოკითხა, ასევე, საქართველოს სასამართლოების და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ამგვარად ქადაგიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რა კონკრეტული მტკიცებულებებით აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციურ სარჩელში არსებული არგუმენტების გამყარებას საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ვინც ამ კომისიის სხდომებს თვალს ადევნებდა, უბრალოდ, ერთგვარი რეტროსპექტივა ნახა, თუ რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში. აქ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფუნდამენტალურად, ძირეულად, სისტემურად მოხდა ადამიანის უფლებების არა მარტო დარღვევა, არამედ ფეხქვეშ გათელვა. ფაქტობრივად, ადამიანის ყველა ძირითადი უფლება, რომელიც საერთოდ ცნობილი არის, ამ რეჟიმის პერიოდში ფეხქვეშ იქნა გათელილი და ეს არ არის მხოლოდ მსხვერპლთა მონაყოლი, ეს არის სასამართლოების მიერ დადგენილი შედეგები. ამავდროულად, აქ არის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ომისა და მშვიდობის საკითხს და საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას იგივე რუსული აგრესიის შემდეგ, რაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, მეორე მომენტი არის უკვე 2012 წლიდან დღემდე საქმიანობა, როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ტოტალური, სისტემური საბოტაჟი გრძელდება.
„გვიყვებიან, თურმე ვცხოვრობთ რეჟიმის ქვეშ და ეს რეჟიმი რატომ არის რეჟიმი, ამის ახსნა აქვთ, რომ არჩევნები წავაგეთ და რახან უკვე მეცხრე არჩევნები წავაგეთ და ვერ ვიგებთ, ტოტალურ დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ. ვერ მოიგებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. ახლა რომ თავს ირიდებენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველთვის სრულ კოლაბორაციაში იყვნენ, არ დარჩენილა არცერთი განცხადება და ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რომელსაც არ შეერთებოდნენ. ყველა არჩევნების შემდეგ იწყება სახელმწიფოს ნგრევის, ჩამოშლის და ტოტალურად უარყოფის კამპანია, ოღონდ იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა, არათუ ფაქტი ვერ მოჰყავთ, არამედ ლოგიკური ახსნაც კი არ აქვთ. რომ უთხრათ, ერთი ლოგიკური ამბავი მოჰყევით, როგორ გაყალბდა არჩევნები, თუ გნებავთ, ბოლო, 2024 წლის არჩევნები, ამბად ვერ მოგიყვებიან, არათუ ფაქტს მოგიყვანენ, მაგრამ რახან ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ამიტომ ახლა ტოტალურ დაუმორჩილებლობას გამოვუცხადებთ დემოკრატიულ პროცესს, უარვყოფ ხალხის არჩევანს. დღეს რომ ლაპარაკობენ ხალხის სახელით, საკუთარი ამომრჩეველი გადააგდეს, ოთხივე პოლიტიკურმა პარტიამ. მეოთხემ, რომ იტყვიან, ჭკუა მოიხმო და მაინც თავი რაღაცნაირად დაიჭირა. რომელი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა მოითმენდა იმას, რასაც ესენი აკეთებენ საქართველოში?! მერწმუნეთ, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ამის მეათედი განცხადებაც კი, არათუ ქმედება, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ განეხორციელებინა, ის არათუ არჩევნებიდან მოიხსნებოდა, მყისიერად აიკრძალებოდა. გერმანიის AFD-ს რაზე ედავებიან? მაგალითად, ზოგიერთი გამონათქვამი ასოცირდება ფაშისტურ ლოზუნგთან. მაგალითად, „ყველაფერი გერმანული“. თუ შენ ამას იტყვი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰიტლერიც ასეთ ფრაზას ამბობდა, ანუ, ყველაფერი კარგი გერმანულია. აი, ეს ფრაზაც კი გახდა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის არჩევნებიდან მოხსნის წინაპირობა, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, პირდაპირ საარჩევნო კომისიამ მოხსნა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკა უნდა დაბრუნდეს რეალურად კონსტიტუციურ სივრცეში და ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში იქნება ის თუ ოპოზიციაში, უნდა იცოდეს, რომ ვერ უნდა გაბედოს წლების განმავლობაში ისეთი ტოტალური შეტევა სახელმწიფოზე ყველა არჩევნების შემდგომ, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ვუყურებთ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.