ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს უფლება აქვს, თავის სამეზობლოში ჰქონდეს ურთიერთობა იმ სახელმწიფოსთან, ვინც არის გაერო-ს წევრი, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა
არ შეიძლება, საქართველო ვიღაცის ვიწრო იდეოლოგიური ან ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ტყვეობის ქვეშ იყოს. საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, თავის სამეზობლოში ან უფრო ფართო რეგიონშიც ჰქონდეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან, იმ სახელმწიფოსთან, ვინც არის გაერო-ს წევრი, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და, მით უმეტეს, ვინც ჩვენი მეზობელია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ყველა სახელმწიფო ცდილობს, თავისი ეროვნული ინტერესები რაც შეიძლება ფართო ასპარეზზე გაავრცელოს.
„გვინდა, რომ სამეზობლოში, ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის, თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს. დასრულდება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია? – რა თქმა უნდა, ჩვენ გვენდომება, რომ ამ შემთხვევაში რუსეთთანაც გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა. არ შეიძლება, საქართველოს ურთიერთობათა ჭრილი იყოს უკიდურესად ვიწრო. ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ცდილობს, თავისი ეროვნული ინტერესები რაც შეიძლება ფართო ასპარეზზე დაიცვას და გაავრცელოს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.