ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ქვეყნის ინტერესებს ლობიზმით არ დავიცავთ, ვიღაცისთვის ფულის გადახდით ეროვნული ინტერესების დაცვას არ ვაპირებთ
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ქვეყნის ინტერესებს ლობიზმით არ დავიცავთ, ვიღაცისთვის ფულის გადახდით ეროვნული ინტერესების დაცვას არ ვაპირებთ

ჯო უილსონი სწორედ ლობიზმის ნაყოფია, რომელიც ამბობდა, ფული გადამიხადეთ და თქვენი ლობისტი ვიქნებიო. ლობიზმის მანკიერი არსია, ვინც თანხას იხდის, იმის ინტერესების გამტარებელი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა გამოცემა „ჰილსის“ სტატიას, რომლის მიხედვითაც, „ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს მიმართ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“. სტატიის თანახმად, ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ქვეყნის ინტერესებს ლობიზმით არ დავიცავთ. ყველა იმ ინტერესზე ღიად ვსაუბრობთ, რაც ქვეყანას გააჩნია. ვიღაცისთვის ფულის გადახდით ეროვნული ინტერესების დაცვას არ ვაპირებთ. თუ ამ ადამიანს ის ხედვა აქვს, რაც სტატიაში წერია, სწორი ხედვაა, თუ როგორ უნდა იყოს მოცილებული ის ცუდი პოლიტიკა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაინერგა და რომლის შემდეგი გავრცელება ევროკავშირზე მოხდა და რომლის ტყვეობაშიც ევროკავშირი რჩება, მათ შორის, მაია სანდუ. ჯო უილსონი სწორედ ამ ლობიზმის ნაყოფია, რომელიც ამბობდა, ფული გადამიხადეთ და თქვენი ლობისტი ვიქნებიო. ლობიზმის მანკიერი არსია, ვინც თანხას იხდის, იმის ინტერესების გამტარებელი იქნება. ამ დროს კი, შეიძლება, ამერიკის ეროვნული ინტერესები ლობისტობაში გადახდილ ფულში გაიცვალოს. ამერიკას ის პლუსი გააჩნია, რომ „ფარას“ კანონმდებლობა აქვს, საიდანაც ვიგებთ, ესა თუ ის პირი საიდან და როგორ ფინანსდება. აქედან გამომდინარე, ვიცით, რა მიზნებს ემსახურება ჯო უილსონის „მეგობარი აქტი““, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.