ირაკლი ქადაგიშვილი - აქციების დაწყება ყველას შეუძლია, არავის არაფერი უკვირს, ერთი პერიოდი ამბობდნენ, სააკაშვილი ისე შიმშილობს, გარდაიცვლებაო და აღმოჩნდა, არ შიმშილობდა
საპროტესტო აქციების დაწყება ყველას შეუძლია, არავის არაფერი უკვირს, ერთი პერიოდი ამბობდნენ, სააკაშვილი ისე შიმშილობს, გარდაიცვლებაო და აღმოჩნდა, არ შიმშილობდა, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სააკაშვილის ოჯახის განცხადებაზე, თუკი სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ, აქციებს გამართავენ.
„საპროტესტო აქციების დაწყება ყველას შეუძლია, არავის არაფერი უკვირს. ერთი პერიოდი საუბარი იყო იმაზე, რომ ისე შიმშილობს მიხეილ სააკაშვილი, დღეს თუ არა ხვალ გარდაიცვლებაო; ხომ გვახსოვს და ხომ არ გვავიწყდება ასე სწრაფად? შეიძლება, ვიღაცას უნდა, დავივიწყოთ, მაგრამ ასე იყო. მთელი საზოგადოება მართლა დაზაფრული იყო, მნიშვნელობა არ აქვს, მომხრე ხარ თუ არა, შეიძლება, ადამიანი მართლა კვდებოდეს? პენიტენციური სამსახური იძულებული იყო, მისი კვების რეჟიმი ეჩვენებინათ. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობდა, განსხვავებული კვების რეჟიმზე იყო გადასული და საკმაოდ ხარისხიანი საკვებით იკვებებოდა. მეორე დღესვე ამას მოყვა განცხადებები, რომ ეს იყო პატიმრის ფსიქოლოგიური წამება, მთელი საზოგადოების ფსიქოლოგიური წამება არ არის, როცა ყოველდღე ტყუილს ეუბნები – მოკვდება, მოკვდება, მოკვდება, რადგან შიმშილობს. აღმოჩნდა, რომ თურმე, არ შიმშილობს. ეს არ არის მთელ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ სამკურნალოა? მთელ მსოფლიოში სამხედრო ჰოსპიტალი პრესტიჟულ სამკურნალო ადგილად ითვლება, მით უმეტეს, თუ ოდესღაც, პრეზიდენტი ან თანამდებობის პირი იყავი. ამაზეც რა ამბავი იყო ატეხილი? მოსაკლავად გადაყავთ, სეპარატისტები დახვდებიანო და ა.შ. ახლაც ანალოგიური ვითარება გვაქვს. სამედიცინო ტერმინოლოგიას ცოტა ადამიანური თვალით თუ შევხედავთ, რა არის? ადამიანი თავს ციხეში დათრგუნულად გრძნობს, მისთვის ციხეში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია და აქედან გამომდინარე, იმ საკვების მიღება არ უნდა, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში ადამიანმა უნდა მიიღოს. სააკაშვილს არ უნდა ექიმებთან ურთიერთობაც და აქედან გამომდინარე, პატიმრობაში ყოფნა პატიმართა 100 თუ არა 99 პროცენტისთვის დამთრგუნველია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.