ირაკლი ქადაგიშვილი - სანქცირებული ავიაკომპანია და ავიახომალდი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ფრენების განმახორციელებელი, საქართველო ცდილობს, იყოს ძალიან ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი
ირაკლი ქადაგიშვილი - სანქცირებული ავიაკომპანია და ავიახომალდი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ფრენების განმახორციელებელი, საქართველო ცდილობს, იყოს ძალიან ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი

ფრენებზე გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ანუ, თავის დროზე საქართველოს რა სასჯელიც დაუწესეს, ახლა არის მოხსნილი, სანქცირებული ავიაკომპანია და ავიახომალდი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ფრენების განმახორციელებელი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს თავისი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს.

„ჩვენ როგორც კი რუსეთთან ორმხრივი სანქცირების რეჟიმში გადავალთ, ყველამ კარგად იცის, რომ ორმხრივ სანქცირებას რუსეთის მხრიდან გრძელი სია მოჰყვება, რაც მას შეუძლია, საქართველოს მიაყენოს, როგორც სავაჭრო ემბარგოს დაწესებით, ასევე სეპარატისტულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი ანექსიისა და, საერთოდ, შეწოვის პოლიტიკა განახორციელოს. ამიტომ საქართველო დღეს არის ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფო. საქართველო ცდილობს, იყოს ძალიან ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი, რათა ქვეყანა რუსეთთან ისეთ კონფრონტაში არ შევიდეს, რაც საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება. მათ შორის, ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი რაც არის – ევროპულ გზაზეც ხელისშემშლელი იქნება. ამას პარტნიორები ჩვენზე კარგად უნდა აცნობიერებდნენ. გასაგებია, რომ მათთვის ეს მისასალმებელი არ არის, მაგრამ საქართველოს რეალობასაც უნდა აფასებდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე, ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“.