ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროა, როცა ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად დამოკიდებულია საგარეო დირექტივაზე, საკუთარი ხალხის ნება მინდობილია უცხოელზე
სამწუხაროა, როცა ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად დამოკიდებულია საგარეო დირექტივაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი აღარ არის, ეს დირექტივა ევროკავშირიდან მოდის, მოსკოვიდან თუ სხვა რომელიმე დედაქალაქიდან.
„ამ ყველაფერში მთავარია, რომ საკუთარი ხალხის მიმართ ნება დაკარგულია და ეს ნება მინდობილია უცხოელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენს თავისუფლებას კარგავ და შენი ქვეყნის პოლიტიკოსი არ ხარ, სხვა ქვეყნის პოლიტიკას შენს ქვეყანაში ატარებ. სხვა ქვეყანა რაც არ უნდა მეგობრული იყოს, ის შენს ქვეყანას ვერასოდეს შეცვლის. ამას უკვე ხალხი ხედავს და ეს არა მხოლოდ ამ მძიმე ფაქტით არის დადასტურებული, არამედ ბოლო წლების მოვლენები ამ ფაქტს, ამ ლოგიკას ამკვიდრებს და ამტკიცებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.