ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფოს ინტერესებში არ არის რომელიღაც პარტიის ოფისის დარბევა, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში
ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფოს ინტერესებში არ არის რომელიღაც პარტიის ოფისის დარბევა, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში

ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიღაც პარტიის ოფისის დარბევა.

„თავდამსხმელები დაკავებული არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიღაც პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, ამას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ.“ – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.