ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, ინაუგურაცია სათანადო დონეზე ჩატარდეს და ყველა პირობას შევუქმნით ოპოზიციასაც, გამოხატვის საშუალება რომ ჰქონდეთ
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, ინაუგურაცია სათანადო დონეზე ჩატარდეს და ყველა პირობას შევუქმნით ოპოზიციასაც, გამოხატვის საშუალება რომ ჰქონდეთ, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ალტერნატიული ადგილი, რომელიც თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქციის გასამართად შესთავაზა და რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ქალაქის ცენტრალურ უბანში, გუბერნიიდან და მერიიდან რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს და იქ სხვადასხვა დროს არაერთი პოლიტიკური ღონისძიება ჩატარებულა.
„თუ ვიღაცას სურს პროცესის მარგინალიზაცია და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ღონისძიების ჩაშლა, არეულობის, დაძაბულობის მუხტის შემოტანა და მარგინალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრება საქართველოში, ეს უკვე სხვა რამეა. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი ღონისძიება ჩატარდეს სათანადო დონეზე და ყველა პირობას შევუქმნით ოპოზიციასაც, რომ მათ თავისი პოლიტიკური გამოხატვის საშუალება ჰქონდეთ. ვფიქრობ, ოპოზიციაშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც აირჩევენ დემოკრატიულ გზას და არ წავლენ მარგინალიზაციისკენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორის თქმით, ოპოზიციამ თავიდანვე იცოდა, სად უნდა გამართულიყო ინაუგურაცია, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ეს ღონისძიება უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს.
„რა თქმა უნდა, ერეკლეს სასახლის მიმდებარე ტერიტორია ვერ იქნებოდა გამოყენებული საპროტესტო აქციის ჩასატარებლად. ამიტომ, მიღებულია კარგი გადაწყვეტილება და მერიამ ფორმალური პასუხი კი არ გასცა და კი არ გაუშვა მიტინგის მონაწილეები ქალაქგარეთ, არამედ ალტერნატიული ადგილი ქალაქის ცენტრში შესთავაზა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.