ირაკლი ქადაგიშვილი -  საგარეო კურსზე რა დაკვეთაც გვაქვს ხალხისგან, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით
ირაკლი ქადაგიშვილი - საგარეო კურსზე რა დაკვეთაც გვაქვს ხალხისგან, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით

ჩვენ რა დაკვეთაც გვაქვს ხალხისგან საგარეო კურსზე, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა, სხვას არავის ჩაუწერია. ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გზაზე ქვეყნის სვლას ვერ შეაჩერებს.

„ვიცით, რომ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი განცხადებებია. ამიტომ, მისი განცხადება იმად ვერ ჩაითვლება, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავის გენერალურ საგარეო კურსს გადაუხვია. ამას, კუბილიუსი რა მანიშენებლით ამბობს? – ეს არის მისი, როგორც ერთი პოლიტიკოსის განცხადება. ვიოლა ფონკრამონთან ერთად, ონლაინკონფერენცია გვქონდა, მომხსენებლები ვიყავით და საპარლამენტო კონტროლზე ვისაუბრეთ. იქიდან შენიშვნა ხომ უნდა არსებობდეს, საქმიანი, კონკრეტული, არსებითი? ჩვენი კანონმდებლობა ნელ-ნელა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან ახლოვდება. ამიტომ ვამბობ, ის გზა, რომელსაც რეალურად გავდივართ და მეორეა ის გზა, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსები თავიანთი პოლიტიკური გემოვნებიდან ან დღის წესრიგიდან გამომდინარე თავის განცხადებებს აკეთებენ.

რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრისთვის მთავარია დაკვეთა, რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი აძლევს. ჩვენ რა დაკვეთაც გვაქვს საგარეო კურსზე, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა, სხვას არავის ჩაუწერია. ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ჩვენი ოპოზიცია გარე მოკავშირეების მეშვეობით მრავალ განცხადებას გააკეთებს ჩვენს დასაზიანებლად, მაგრამ ამ გზაზე ქვეყნის სვლას ვერაფრით ვერ შეაჩერებენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი