ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა ნათელი მაგალითია, როგორ ხდება დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, პოლარიზაციის ხელოვნურად კვება
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა ნათელი მაგალითია, როგორ ხდება დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, პოლარიზაციის ხელოვნურად კვება

ნათელი მაგალითია, როგორ ხდება დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, პოლარიზაციის ხელოვნურად კვება და მთავარი პრინციპების შეწირვა კონკრეტული მოკლევადიანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „თვალსა და ხელს შუა ხდება შავის თეთრად წარმოჩენა“.

„მერე უკვირთ, როცა მოსახლეობაში არსებობს კითხვა, რატომ იქცევიან ასე გარკვეული პოლიტიკური აქტორები დასავლეთში, რომლებიც ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე, ობიექტურობაზე, ინფორმირებულობასა და ფასეულობებზე დაყრდნობით უნდა ვიღებდეთ. ამ დროს თვალსა და ხელს შუა ხდება შავის თეთრად წარმოჩენა. მოსახლეობა ამას ხედავს და ეს ყველაფერი აზიანებს იმას, რისკენაც ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფვის. ასეთი რეზოლუციები, კერძო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები გენერალურ ხაზს ვერ შეცვლის, თუმცა მოსახლეობას იმის საშუალებას აძლევს, რომ უფრო ობიექტურად და ნათლად აფასებდეს პოლიტიკურ პროცესებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.