ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ცდილობენ, მისი მდგომარეობა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ 
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ცდილობენ, მისი მდგომარეობა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ 

სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას და ქვეყნიდან გაიყვანონ. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ცდილობენ, მისი მდგომარეობა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, სააკაშვილი დათრგუნულია, რადგან  საქართველოში „შემოჭრის“ წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია, რადგან  საქართველოში „შემოჭრის“ წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, პატიმრობაშია და მისი მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია ფსიქოლოგიური მდგომარეობით. ის ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას და ქვეყნიდან გაიყვანონ. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ცდილობენ, მისი მდგომარეობა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. ნიკა მელიას განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ მისი საქართველოში ჩამოსვლის და თვლიან, რომ მისმა ჩამოსვლამ იმავე მელიას „კარტები“ აურია. სააკაშვილის საქართველოდან გაყვანა შეიძლება მის ინტერესებშიც შედიოდეს, რათა პროცესები მათთვის პარტიის შიგნით უფრო მშვიდობიან გარემოში წარიმართოს. მეორე ფლანგი ცდილობს, შიდაპარტიული დაპირისპირებისთვის გამოიყენოს სააკაშვილის მდგომარეობა და რაღაც აქციებს აანონსებს.

ყველაზე საინტერესოა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის პოზიცია, რომლებიც ამბობენ, პოლიტიკაში ნუ გამრევთ და ახლოს ნუ გამაკარებთო. სააკაშვილი ცდილობს, პატიმრობას რამენაირად თავი დააღწიოს. მის მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ რაიმე დამატებითი მომსახურება სჭირდება, ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტი მოიწვიონ და შესაბამისი პირობა შეუქმნან მუშაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.