ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა
ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა

სავიზო რეჟიმის ამოქმედებას თავისი წინაპირობები უნდა ჰქონდეს, დღეს არსებული ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილი და 2019-2020 წლების მაჩვენებელზე მაღალი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირდაპირი აუცილებლობა არ არის.

„საუბარი არ არის იმ პერიოდზე, როცა პანდემიის გამო ქვეყნებს შორის მიმოსვლა ჩაკეტილი იყო. გასაჯაროვებულია ციფრები და ანალოგიური პერიოდის მონაცემები. ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში შემოდიოდნენ, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირდაპირი აუცილებლობა არ არის. რა თქმა უნდა, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა საფრთხეებისგან დაცული იყოს, მათ შორის ისეთი საფრთხეებისგან, რაც რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი მოქალაქისგან შეიძლება, მომდინარეობდეს. სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს – მისი შემოღება ადვილია და რაღაც პერიოდის შემდეგ, გაუქმება უფრო რთულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.