ირაკლი ქადაგიშვილი - როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის, ისე ეშინია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე სიმართლის დადგენის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 3 500 საარჩევნო უბნის გახსნაზეც არის საუბარი, თუ ამის საჭიროებას დროებითი საგამოძიებო კომისია დაინახავს. როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რასაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური ოპოზიცია ჰქვია.
„დროებითი საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი იდეალური მექანიზმი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე სრული ჭეშმარიტება დადგინდეს. იციან რა, რომ ჭეშმარიტების დადგენა არის მათი ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკის დასამარება, ნებისმიერი გზით ეცდებიან, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღონ, კომისიის საწინააღმდეგოდ ნებისმიერ არგუმენტს მოიტანენ, პუტინსაც ჩართავენ, ამათ მხარდასაჭერად პუტინიც იტყვის რაღაცას, ოღონდ, ეს კომისია არ ფუნქციონირებდეს. კომისია დოკუმენტურად დაამტკიცებს ტყუილს, რისი მოწმეც არის ამომრჩეველი და საზოგადოება.
ქვეყანა ვერ გახდება დესტრუქციული დღის წესრიგის შემქმნელთა მძევალი. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ, რომ პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოში დაბრუნდეს. საუბარია 3 500 საარჩევნო უბნის გახსნაზეც კი, თუ ამის საჭიროებას საგამოძიებო კომისია დაინახავს. ამის გაკეთება შესაძლებელია მოწვეული ექსპერტებისა და არასამთავროების ჩართულობით. როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის, ასე ეშინია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე სიმართლის დადგენა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.