ირაკლი ქადაგიშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში შესაძლოა, მეორე ტური იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება „ქართული ოცნების“ იქნება
ირაკლი ქადაგიშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში შესაძლოა, მეორე ტური იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება „ქართული ოცნების“ იქნება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე ტური იყოს.

მისივე თქმით, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მათ პრობლემებზე არ ესაუბრება.

„პარტიულ კვლევებს აქვეყნებენ, რათა საზოგადოება წინასწარ შეამზადონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამხელა პროცენტი არ უნდა აეღო, ამის შემდეგ დაიწყება ტყუილების რახა-რუხის დაუსრულებელი ისტორია.

ყველაზე მეტად არასტაბილურ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება ვის აწყობს? – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს. რეალურად, მოსახლეობას ოპოზიცია მათ პრობლემებზე არ ელაპარაკება, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა და ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი. მოსახლეობა ვერ ხვდება, რა შუაშია მისი სოფლის არჩევანი და მისი მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები რაღაც პოლიტიკურ მრავალკასკადიან ნაბიჯებთან. „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. შესაძლოა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე ტური იყოს, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეკითხვაზე საპასუხოდ, დეპუტატი გამორიცხავს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

„მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, რაში გვჭირდება? ოპოზიცია უალტერნატივოდ თუ იტყვის, კონსტიტუცია არ გვჭირდება, ჩვენ ვიტყვით – კონსტიტუციური წესრიგი გვინდა. ამ შემთხვევაში, რა ვქნათ? – ხომ შეიძლება, კითხვები რეალურად დავსვათ და ახირებული დღის წესრიგის ტყვეები არ ვიყოთ. მოდით, კონსტიტუციას გავყვეთ და იქნებ, 30 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შევასრულოთ კონსტიტუცია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

დატოვე კომენტარი