ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციის განცხადებები ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, რაც ერთადერთი სწორი გზაა
ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციის განცხადებები ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, რაც ერთადერთი სწორი გზაა

კომიკურია, რომ ფრენების აღდგენას აპროტესტებს ხალხი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში რუს ტურისტებს ელოდებოდნენ. თავად სააკაშვილი ევროპის ტრიბუნიდან ამბობდა, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე თანახმა იყო პუტინთან ურთიერთობა აღედგინა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, საქართველოს სჭირდება მშვიდობა და განვითარება.

„ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, რომელმაც თავისივე აკრძალვა მოხსნა. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ დამდგარა. ჩვენი ასიათასობით მოქალაქისთვის ფრენები უდიდესი ჰუმანიტარული საკითხია. საქართველო უკრაინის შემდეგ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მეტი საფრთხე აქვს იმავე რუსეთის მხრიდან. ამის მიუხედავად, ძალიან მყარი პოზიცია გვიჭირავს უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამო, რადგან რუსეთის მხრიდან სამართლიანი ომი არ არის და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მკაფიო პოლიტიკას ვატარებთ. ორმხრივი სანქციების დაწესებაზე რამდენიმე მიზეზის გამო არ წავალთ – ორმხრივი სანქცია ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, რუსეთს ვერაფრით ვაზიანებთ, მაგრამ საკუთარ მოქალაქეს, ეკონომიკას გამოუსწორებელ ზარალს მივაყენებთ. არანაირი კომპენსაცია არსაიდან არ გველოდება. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი, არც ევროკავშირს აქვს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულება, რომ ჩვენი მხრიდან დაწესებული ეკონომიკური სანქციებით მიღებული ზარალი რამენაირად იქნება კომპენსირებული. რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკის გატარება ნიშნავს იმას, რომ, ეკონომიკური დარტყმების გარდა, პოლიტიკურ ველზე საკმაოდ სერიოზულ დარტყმებს მივიღებთ, ამის ჩამონათვალი ძალიან დიდია. სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან შეწოვის პროცესი, შეიძლება, კიდევ უფრო შეუქცევადი გახადოს, რაც გასათვალისწინებელია და ამას ვხედავთ. არ არის გამორიცხული, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მოხდეს იმ სახის პროვოკაციები, რამაც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი გზაც, ფაქტობრივად, ჩამოშალოს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. მათი განცხადებები ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. მათი მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის ესკალაცია იმ დონეზე, რომ ადრე თუ გვიან საქართველო მეორე ფრონტის წინაშე დადგეს. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის მისაღები ინტერესია, მაგრამ ეროვნული ინტერესი არ არის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, რაც არის ერთადერთი სწორი გზა როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ასევე ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.