ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე გმირებიც დაესწრებიან
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე გმირებიც დაესწრებიან და მათ პრეზიდენტი მიესალმება, – ამის შესახებ პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
კახეთის გუბერნატორის თქმით, დარწმუნებულია, თელაველებს უხარიათ, რომ ქალაქს ასეთი პატივი ხვდა წილად.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პრეზიდენტის ინაუგურაცია არა დედაქალაქში ან პარლამენტში, არამედ რეგიონში ტარდება. დარწმუნებული ვარ, თელაველებს, მათი პოლიტიკური სიმპათიისა და ანტიპათიის მიუხედავად, უხარიათ, რომ თელავს ეს პატივი ერგო წილად და ქალაქი ემზადება ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.
მისი განმარტებით, ინაუგურაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ძირითადად ტექნიკური ხასიათი სამუშაოებია დარჩენილი.
„უამრავი ფაქტორია, დაწყებული უცხოელი მაღალი რანგის სტუმრებით, სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების, ასევე ჯარის კომპონენტით და მთავარია, უსაფრთხოების ზომები სათანადოდ იყოს დაცული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორის თქმით, ყველა მედიას საშუალებას ექნება, თანაბრად მიიღოს ინფორმაცია ინაუგურაციის დღეს. „ამაზეც მუშაობენ სხვადასხვა სამსახურები“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.