ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერს ჰქონდა სახელმწიფოებრივი პოზიცია, მაგრამ გასათვალისწინებელი, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში აქტუალურია
ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერს ჰქონდა სახელმწიფოებრივი პოზიცია, მაგრამ გასათვალისწინებელი, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში აქტუალურია

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ ისეთი კითხვები იყო დასმული, რომელიც საზოგადოებაში მართლაც აქტუალური იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ განცხადებებზე აღნიშნა: „დასაფასებელია, რომ პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხატა, ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია“.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საზოგადოებაში არსებული წუხილების გაქარწყლება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან როცა რჩება ისეთი კითხვები, რაც საზოგადოებას აწუხებს, მაგრამ მათი არც მისი გაჟღერება და დისკუსია არ ხდება, ეს უფრო ზრდის დაძაბულობის, გაურკვევლობის მუხტს.

„ბევრჯერ თქვეს, რომ მათი მიზანი არ არის ამერიკასთან სტრატეგიული მიზნის დაზიანება, მათი მიზანია, რომ ბუნდოვანება გაიფანტოს მთელ რიგ საკითხებზე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მართლა ბევრი ბუნდოვანება იყო, რაც საზოგადოებაში ითხოვდა პასუხს. ჩვენ გავემიჯნეთ ამ განცხადებებს, პრემიერმა თავისი განცხადება გააკეთა და უმრავლესობამ თქვა, რომ შინაარსში არ შევდივართ. მათი განცხადება იყო, რომ კითხვები არის საზოგადოებაში და მათი სურვილია, ეს ხმამაღლა თქვან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.