ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური პარტიების კვლევის ნაწილში ციფრები აჩვენებს, რომ ამომრჩეველში მკვეთრად მეტ ნდობას „ქართული ოცნება“ იმსახურებს
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური პარტიების კვლევის ნაწილში ციფრები აჩვენებს, რომ ამომრჩეველში მკვეთრად მეტ ნდობას „ქართული ოცნება“ იმსახურებს

NDI-ის კვლევის შედეგები ტენდენციას აჩვენებს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველოა, საზოგადოებაში არსებობს რწმენა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ და მთავრობას კრიზისის მართვა შეუძლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების კვლევის ნაწილშიც ციფრები აჩვენებს, რომ ამომრჩეველში მკვეთრად მეტ ნდობას „ქართული ოცნება“ იმსახურებს.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც მან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით უნდა გააკეთოს, თუმცა მოსახლეობას უკმარისობის გრძნობა ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ აქვს. ზოგადად, მოსახლეობა ყველას, ვისაც ტელევიზიით უყურებს და ვინც პოლიტიკას წამოაჩენს, აღიქვამს, როგორც მთავრობას. მოსახლეობას შეიძლება, ჰქონდეს სწორედ ეს განცდა, რომ ამ შემთხვევაში მთავრობა, როგორც სახელმწიფოს მართვის გამოხატულება, რაშიც ის მთელ პოლიტიკურ კლასს მოიაზრებს, საკმარისზე მეტს არ აკეთებს. რაც შეეხება რუსეთს, ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრესორია. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მოსახლეობას რუსეთის მიმართ დადებითი განწყობა ჰქონდეს? ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორია. საქართველო უკვე არის აგრესიის მსხვერპლი და გამორიცხული არ არის, რომ აგრესია გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკაა, აგრესორს აგრესიის რაიმე საბაბი არ მივცეთ, რადგან ჩვენ სხვა ინტერესი არ გაგვაჩნია. არსებობს ელემენტარული ქცევის გონიერებაც: თუ ამბობთ, რომ მოვლენების განვითარებას ფატალურად უნდა შევხედოთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ნაბიჯებს გადადგამ, პოლიტიკაში ასეთი ცნება – ფატალურად მინდობა არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური ქცევა – ამიტომ თქვენ თუ გგონიათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთს საბაბს მისცემ თუ არა, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ფატალური აზროვნება. საქართველოს სახელმწიფო ცდილობს, რომ რუსეთის ფედერაციას რაიმე მიზეზი არ მისცეს და შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.