ირაკლი ქადაგიშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რამდენიმე წევრს აქვს სურვილი, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლოს
ირაკლი ქადაგიშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რამდენიმე წევრს აქვს სურვილი, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლოს

რეგლამენტის გათვალისწინებით, გვაქვს იმის საშუალება, რომ დღეს იმ დეპუტატების განცხადებები განვიხილოთ, ვინც შემოიტანა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე წევრს სურვილი აქვს, რომ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლონ და პარლამენტში შევიდნენ.

„რეგლამენტის გათვალისწინებით, იმის საშუალება გვაქვს, რომ იმ დეპუტატების განცხადებები განვიხილოთ, ვინც შემოიტანა. რატომ „პატრიოტთა ალიანსი“? – იმიტომ, რომ მათი სია ცესკო-ში ჩახსნილი არ არის და რამდენიმე წევრს სურვილი აქვს, თუ ეს სამი ადამიანი პარლამენტიდან გავა, მათი ადგილი დაიკავონ ადგილმონაცვლეობიდან გამომდინარე. სხვა პარტიების მომართვების განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში. ვითვალისწინებთ მოლაპარაკებების პროცესს, ელჩების რეკომენდაციასაც და პოლიტიკურ პროცესს გარკვეულ ფორმატს ვაძლევთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ვცდილობთ, კანონის პროცედურები და პოლიტიკური პროცესი ისე წარვმართოთ, რომ იყოს ხელშემწყობი პირობები მოლაპარაკებების გაგრძელების. პარლამენტი თავიდან ბოლომდე უფლებამოსილია და ეს საკითხი საკამათო არავისთვის აღარ არის.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებებს, რატომ შეიყვანეს ესა თუ ის პირი პარტიულ სიაში, თავად გააკეთონ ნათელი განმარტება, სიების შემქნელებმა. როგორი დეპუტატები იქნებიან, თავადაც დააკვირდებით. კომუნიკაცია იმ ადამიანებთან არ გვქონია, ვინც პარლამენტში უნდა შემოვიდეს, რადგან ჯერ უფლებამოსილება არსებულ დეპუტატებს უნდა მოეხსნათ და შემდეგ ცესკო იმ დეპუტატების ჩამონათვალს წარადგენს, ვისი უფლებამოსილების ცნობაც უნდა მოხდეს. პარლამენტს ლეგიტიმაცია მინიჭებული აქვს და ოპოზიცია არის თუ არა, ეს სამართლებრივად პარლამენტის ლეგიტიმაციას არ განსაზღვრავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა იგეგმება. მანამდე საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.