ირაკლი ქადაგიშვილი - პატრიარქმა სულიერი მხნეობა უსურვა მიხეილ სააკაშვილს, მის მოწოდებას ადრესატი თუ გაიგებს არა ორაზროვნად, არამედ ისე, როგორც თქვა, ეს იყო სულიერი გაძლიერებისკენ მოწოდება
ირაკლი ქადაგიშვილი - პატრიარქმა სულიერი მხნეობა უსურვა მიხეილ სააკაშვილს, მის მოწოდებას ადრესატი თუ გაიგებს არა ორაზროვნად, არამედ ისე, როგორც თქვა, ეს იყო სულიერი გაძლიერებისკენ მოწოდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, პატრიარქმა თავისი წერილით სულიერი მხნეობა უსურვა მიხეილ სააკაშვილს.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილსა და ასევე, წერილის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებთან დაკავშირებით.

ქადაგიშვილის თქმით, პატრიარქის მოწოდებას ადრესატი თუ გაიგებს არა ორაზროვნად, არამედ ისე, როგორც თავად პატრიარქმა თქვა, ეს იყო სულიერი გაძლიერებისკენ მოწოდება.

„პატრიარქმა უსურვა სულიერი მხნეობა. როგორც ქრისტიანმა პატრიარქმა ადამიანს, რომელსაც უნდა მისგან რაიმე რჩევა და სულიერი საზრდოს მიღება, სწორედ ეს რჩევა მისცა. ის, რომ პოლიტიკოსები ყველაფერს თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ ჭრილში ატარებენ, ეს მათი პრობლემაა. ადრესატი ამას თუ ისე გაიგებს, როგორც მას პატრიარქმა უთხრა და არა ორაზროვნად, პირდაპირ სულიერი გაძლიერებისკენ მოწოდება და ჭეშმარიტების დანახვა იყო. ეს არის სწორედ სულიერი გაძლიერების გზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან კარგი იქნება.

ამ პოლიტიკოსების ხედვა შორს არის პატრიარქის ქრისტიანული ხედვისგან. მათი ხედვა ძალიან ვიწროპარტიულია. მათი მიზანია, ამა თუ იმ გზით დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან და ყველაფერს ამ ჭრილში აფასებენ. ამიტომ, პატრიარქმა კი არა, ვინც არ უნდა რამე თქვას, ყველაფერი ამ ვიწრო ჭრილში შეფასდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.