ირაკლი ქადაგიშვილი - პატიმრებს მოუწოდებენ ხოლმე შიმშილობის შეწყვეტისკენ, სააკაშვილს კი, გარედან ამხნევებენ, არ შეწყვიტოს, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ, რათა არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ
ირაკლი ქადაგიშვილი - პატიმრებს მოუწოდებენ ხოლმე შიმშილობის შეწყვეტისკენ, სააკაშვილს კი, გარედან ამხნევებენ, არ შეწყვიტოს, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ, რათა არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ

პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში კი, გარედან ამხნევებენ სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ შეწყვიტოს, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ, რომ ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ჯანმრთელობას, ასევე უსაფრთხოებას, ამიტომ ქადაგიშვილის განცადებით, მიხეილ სააკაშვილი იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი მკურნალობა ადგილზე მოხდება, თუ სხვა ჰოსპიტალში, ამ გადაწყვეტილებას ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური მიიღებს. ყველაზე მეტად, თუ ვინმეა დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მისი შიმშილობის შეწყვეტით, ეს არის ხელისუფლება, რადგან ვხედავთ, ოპოზიცია თავის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს მისი შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ შიმშილობის უკან რა დგას, ეს გასათვალისწინებელია. შიმშილობა საპატიმრო ცხოვრებისთვის დამახასიათებელია და ამის მართვა ყოველთვის ხდებოდა. პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში კი, ცოტა სხვა რამესთან გვაქვს საქმე – გარედან ამხნევებენ, რომ შიმშილობა არ შეწყვიტოს, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ – ეს მისი მომხრეების ნარატივია. სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მომხრეების მიზანია ის, რომ ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამიტომ ის იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.