ირაკლი ქადაგიშვილი - პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება, საქმე ეხება ამომრჩევლის ნების შეუსრულებლობას და დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოსვლას
ირაკლი ქადაგიშვილი - პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება, საქმე ეხება ამომრჩევლის ნების შეუსრულებლობას და დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოსვლას

პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება, საქმე ეხება ამომრჩევლის ნების არ შესრულებას და დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოსვლას, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ტერმინებით მანიპულირებს, როცა აქცენტი ბოიკოტის უფლებაზე გადააქვს.

„ეს კანონპროექტი ძალაში 2022 წლიდან შევა. ოპოზიცია ხშირად ამბობს, რომ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება უნდა გვქონდესო. დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბოიკოტი არსებობს რეგლამენტში და ბოიკოტის გამო არანაირი სანქცია არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკისრება. ტერმინებით მანიპულირება არ უნდა იყოს. კანონპროექტით საქმე ეხება იმას, რომ როცა პოლიტიკური პარტია მანდატს მიზანმიმართულად არ იყენებს, ამომრჩევლის ნებას არ ასრულებს და ინსტიტუციების დანგრევას ეწევიან, ევროპის საბჭოს შესაბამის რეზოლუციაშიც არის ეს ნახსენები, როცა პარტია წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ამ შემთხვევში ბიუჯეტის თანხა ვერ მოხმარდება ასეთი მიზნების განხორციელებას. სხვა უფლებები არანაირად არ იზღუდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.