ირაკლი ქადაგიშვილი – პარტიების აკრძალვის პრეცედენტი თუ არ მოხდება, მაშინ საქართველოში მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება
ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, პარტიების აკრძალვა თუ არ მოხდება, მაშინ საქართველო მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება.
„ეს პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამკრძალავი ვერდიქტის გამოტანას იმსახურებენ. დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება პარტნიორების განცხადებებს, არიან არაობიექტური, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულოდ განწყობილი, მათ შორის, მათივე ინსტიტუტების დასკვნების უარყოფით დაკავებული. საქმე როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურად რეზონანსულ საკითხს ეხებოდა, ყოველთვის პირდაპირი ჩარევა ხდებოდა ქართულ მართლმსაჯულებაში და ამბობდნენ, რომ ეს პოლიტიკური დევნის საგანი იყო. ეს საქმე როცა სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, ევროპული სასამართლო ქართული მართლმსაჯულების ქმედებას ამართლებდა. ანუ, პარტნიორები თვლიან, რომ საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფო მართლმსაჯულება გარედან მართვის ობიექტია? ანუ, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვართ? დემოკრატიის დაზიანება მათი საქციელი იყო, როდესაც არჩევნების შედეგები არ ცნეს. ეს მაშინ, როცა ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში უთითებდნენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა. ამის მიუხედავად, მათ ამ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს და ევროპარლამენტმა საპარლამენტო რევოლუციაც მიიღო. ამის შემდეგ რომელი დემოკრატიის მხარდაჭერაზეა საუბარი? – ეს პარტიები პარლამენტიდან ისე გაიყვანეს, ერთისთვისაც არ უთქვამთ, რომ ეს არის დემოკრატიის დაზიანება და ელექტორატის უპატივცემულობა. პირიქით, 4 ოქტომბრის გადატრიალებაზე გამოვიდნენ და მას მხარი ღიად დაუჭირეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დემოკრატიული სტანდარტის დაცვაზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია ვიწროპოლიტიკური ინტერესების გატარებაზე.
„ეს ნაკარნახევია იმით, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მათ მიეცათ საშუალება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება ეწარმოებინათ, მაგრამ ეს სწორედ გადატრიალების, საბოტაჟისა და ამდაგვარი საქმიანობისთვის გამოიყენეს. ამ პარტიების აკრძალვა თუ არ მოხდება, მაშინ საქართველო მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა იყოს ჩატეული. ეს პრეცედენტები თუ არ შეიქმნა, ის მავნე და ცუდი პოლიტიკური ტრადიცია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჰქონდა, რომ ყველა დაპირისპირება, გადატრიალება სამართლებრივად შეფასების გარეშე რჩებოდა, რეალურ ჭეშმარიტ დემოკრატიასა და მრავალპარტიულობასთან არ მიგვიყვანს. 2012 წლის შემდეგ არცერთი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლასტერს ბოიკოტი არ გამოუცხადებიათ. ამ დროს, ხომ შეიძლება, ამ ბოიკოტს ჰქონდეს მტკიცებულებითი რაიმე საფუძველი? შედეგები არ მოეწონათ და ყველაფრის აყირავება სურდათ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.