ირაკლი ქადაგიშვილი - ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი, ამიტომ პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობით უნდა იხელმძღვანელონ და არა ემოციით, რომლის ტყვეობაშიც ახლა არიან
ირაკლი ქადაგიშვილი - ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი, ამიტომ პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობით უნდა იხელმძღვანელონ და არა ემოციით, რომლის ტყვეობაშიც ახლა არიან

ბევრი საკითხია, რომლებსაც სჭირდება საპარლამენტო ცხოვრება ოპოზიციასთან ერთად, სჯა-ბაასი, მსჯელობა, კამათი და გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რესურსი დიდია, თუ ისინი გააცნობიერებენ, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

„მოლაპარაკების რესურსი ძალიან დიდია, თუ მთავარის გაცნობიერებას შეძლებს ოპოზიცია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნებზე არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება, ოდნავ მაინც არასწორად ასახოს ამომრჩევლის ნება. ცხრა პარტია იქნა არჩეული. საკითხები, რა თქმა უნდა, ბევრია, არამარტო საარჩევნო კუთხით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, რასაც სჭირდება სწორედ საპარლამენტო ცხოვრება ოპოზიციასთან ერთად, სჯა-ბაასი, მსჯელობა, კამათი და გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ, რესურსი უამრავი არის, ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, ამიტომ ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობით უნდა იხელმძღვანელონ და არა იმ ემოციით, რომელი ემოციის გარკვეულწილად ტყვეობაში არიან ახლა მოქცეული, რამეთუ ეს ემოცია არ ეფუძნება რეალურ საფუძველს და დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის. უფრო სწორად, ქვეყანას კი ვერ დაანგრევს, მაგრამ ზოგადად ზიანის მომტანია, მით უმეტეს, ოპოზიციისთვის უფრო ზიანის მომტანი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.