ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციისთვის ბოლო ბერკეტია, რამენაირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გაუქმდეს, რაც ევროპისთვის იქნება თვითდაზიანება და ამას ბევრი ევროპული სახელმწიფო ხვდება
ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი იმ უგუნური გადაწყვეტილებიდან დაიწყო, როცა უთხრეს, პარლამენტში არ შეხვიდეთ, რევოლუციას მოვახდენთო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რევოლუცია ვერ მოახდინეს.
„ახლა ქვეყანაში სტაბილური ვითარება რომ არ იყოს, მშვიდობამ და სტაბილურობამ არ დაისადგუროს, რაღაც გარე ფაქტორმა უნდა იმოქმედოს. მათთვის ბოლო ბერკეტია, რამენაირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გაუქმდეს. წარმოიდგინეთ, ეს ნაბიჯი არა საქართველოს, არამედ ევროპის იდეას დააზიანებს, ევროპისთვის იქნება თვითდაზიანება, რასაც ბევრი ევროპული სახელმწიფო ხვდება. ამიტომ ისინი ბრიუსელის ამ მოთხოვნას არ მიჰყვებიან. ყველაფერი თვალნათელია. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები რატომ იყო უკანონო, არანაირი მტკიცებულება მოგვისმენია გარდა იმისა, რომ ვიღაც მიტინგზე გამოვა და იტყვის, რომ უკანონო იყოო. ოპოზიციას სხვა მიზანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ საქართველო დაზიანდეს. ანტიქართულად განწყობილი ბიუროკრატიის გარდა, ნორმალურად მოაზროვნე ელიტა არსებობს, რომელიც სხვანაირად ფიქრობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.